“შეგზავნილი პროვოკატორები“ სასახლის ღობის საქმეში – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განსასჯელის სკამიდან სკანდალური განცხადებები გააკეთა.
მისი თქმით, 5 პირიდან, ვინც ღობის გადანგრევას ცდილობდა, გამოძიებას მხოლოდ ერთი ჰყავს იდენტიფიცირებული. პოლკოვნიკი ამბობს, რომ დანარჩენი 4 სწორედ “ჩანერგილები“ არიან.
მან სასამართლოზე გამოკითხულ მთავარ გამომძიებელს, კონსტანტინე კერესელიძე ჰკითხა, რატომ არ ამოიღო ათონელის სასახლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რადგან მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ სავარაუდო დამნაშავეები წინა ხედით ენახათ. შესაბამისად, მარტივი იქნებოდა ეპოვათ „ეს ადამიანები“.
ლაშა ბერიძეს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გამოძიებას არ სურს მათი პოვნა და მიიჩნევს, რომ “ოცნებამ“ აქციის მონაწილეებს მახე დაუგო.
მთავარ გამომძიებელს, კონსტანტინე კერესელიძეს კითხვები დაუსვა დაკავებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემაც – მას აინტერესებდა ჩაატარა თუ არა საგამოძიებო უწყებამ საგამოძიებო ექსპერიმენტი.
