438 მომხრე 37 წინააღმდეგი – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საგანგებო რეზოლუცია ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. 6 წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ დოკუმენტს 2 ადრესატი ჰყავს – ევროკავშირს “ოცნების” დასანქცირებას სთხოვენ, “ქართულ ოცნებას” კი ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში პირველად მოხვდა ქიმიური მოწამვლის საქმე.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვერ მოხვდა ვერცერთი ის მოთხოვნა, რომელიც “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებელ – ულტრამემარჯვენე ჯგუფს ჰქონდა. ევროპელი დეპუტატების რეზოლუციაში ჩაიწერა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, ასევე საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის ეკონომიკური გავლენების ზრდაზეც. ამ ტექსტებზე კენჭისყრა ცალკე ჩატარდა.
