დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “საჰაერო თავდაცვის ძალები და მორიგე შეიარაღებული ძალების დანაყოფები საჰაერო სივრცეს აკვირდებიან”. სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომები დაიცვან.
მოგვიანებით სამინისტროში განაცხადეს, რომ განგაში და საფრთხე მოიხსნა.
ამასთან, სოციალურ ქსელში დროებით ოკუპირებულ გაგრასა და სოფელ აბგარხუკში დრონების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაგრაში დრონი ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა.
