ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას ავრცელებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ძილის ხანგრძლივობა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მისი თქმით, თუ ადამიანს დღე-ღამეში მხოლოდ 1-3 საათი სძინავს, ეს უკვე ძილის კრიტიკული დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინს დღის განმავლობაში შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, მაგალითად, ავტომობილის მართვის დროს.
ექიმის განმარტებით, 4-6 საათიანი ძილიც არ არის საკმარისი. ამ დროს ორგანიზმში იკლებს დანაყრების ჰორმონი და იმატებს შიმშილის ჰორმონი, რის გამოც ადამიანს მუდმივად შიმშილის შეგრძნება აქვს. ასეთ პირობებში შესაძლოა გაიზარდოს დიაბეტის განვითარების რისკიც. ასევე სუსტდება იმუნური სისტემა, რის გამოც ინფექციები უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს.
გიორგი ღოღობერიძის თქმით, ყველაზე ოპტიმალური 7-9 საათიანი ძილია. დაახლოებით 8-საათიანი ძილის დროს ორგანიზმი, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სრულფასოვან აღდგენას ახერხებს. ამასთან, ძილის დაბალანსება დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზეც.
მისივე განმარტებით, ძილის დეფიციტის დროს ადამიანი ხშირად გაღიზიანებული და ემოციურად არასტაბილურია, ხოლო ძილის ნორმალიზების შემდეგ ეს მდგომარეობაც უმჯობესდება.
ექიმი აღნიშნავს, რომ ზედმეტად ხანგრძლივი, დაახლოებით 10-საათიანი ძილიც არ არის სასურველი. ასეთ დროს ორგანიზმი მოდუნებულია და ადამიანს შესაძლოა მუდმივი ძილიანობის შეგრძნება ჰქონდეს. მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ჯანმრთელობის შემოწმება, მათ შორის ვიტამინების დონისა და დიაბეტის კუთხით.
