მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, ევროკავშირმა სანქციების პაკეტიდან ყულევის საკითხი იმიტომ ამოიღო, რომ “დასანქცირებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.“
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან და აჩვენეს, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, რომ არ იყოს საქართველოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
ბოჭორიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ სასანქციო პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღების სანაცვლოდ არანაირი დამატებითი ვალდებულება არ აიღო.
ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიიდან წერილის მიღება, რაც სანქციების პაკეტიდან ყულევის ამოღებას შეეხება. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ევროკომისიასთან. ერთი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას და არანაირი მტკიცებულების არარსებობისა და ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა სანქციების პაკეტში ამის ჩადება.
ამასთან დაკავშირებით მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც გავიგეთ ამ პროექტში ყულევის არსებობის საკითხის შესახებ, მოვითხოვეთ, წარმოედგინათ, რა იყო საფუძველი ამ ნაბიჯის და, რა თქმა უნდა, ასეთი საფუძველი ვერ იქნა წარმოდგენილი, სამაგიეროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ევროკომისიის მხარეს ვაჩვენეთ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, თუ რას აკეთებს საქართველო იმისათვის, რომ არ იყოს ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ამაში საქართველო არის ნამდვილად მოწინავე, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რაც დაამტკიცებდა საწინააღმდეგოს და სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო ის შემოთავაზება, რაც შეეხებოდა ყულევის ნავსადგურის ჩადებას სასანქციო პაკეტში და ამის დასტურია სალივანის წერილიც.
არანაირი დამატებითი ვალდებულება არ არსებობს, მიესალმებიან იმას, რაც არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებდა და ასრულებს და ერთადერთი, რაც იყო ევროკომისიასთან კომუნიკაციის შინაარსი, გახლდათ ის, რომ ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რა იყო საფუძვლები. ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი, არანაირი საფუძველი ევროკომისიას არ აქვს”, – ამბობს ბოჭორიშვილი.
ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო – თავდაპირველად ინფორმაცია ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ და რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა ზერბაიჯანულმა მედიამაც. APA წერს, რომ შესაბამისი წერილი ქართულმა მხარემ ევროკომისრისგან დევიდ ო’სალივანისგან მიიღო. ო’სალივანი წერს, რომ მას შემდეგ “პოზიცია გადაიხედა“, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები.
