მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 16 მარტის 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – rda.gov.ge იქნება შესაძლებელი. განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, ხუთი მილიონი ლარის ამოწურვამდე. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა.
„პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1,000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
