ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენასთან დაკავშირებით.
„საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების“ მეთაურის, ადგურ გუმბას განცხადებით, „მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს“.
გუნბას თქმით, საჰაერო სივრცის დაცვის სამუშაოები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
„გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა – 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ყველაფერი არ გაგვიხმაურებია. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია: მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები“, – ციტირებს ადგურ გუმბას “აფსნიპრესი”.
მისი სიტყვებით, „რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენდა“.
დაახლოებით 30 აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატიდან კი, გუნბას თქმით, 99% განადგურდა. ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტები 11 დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს.
„სამიზნეები ნადგურდება ან ფიზიკურად – რაკეტებითა და ჭურვებით, – ან მწყობრიდან გამოდის რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ამ შემთხვევაში, მოწყობილობა უმართავი ხდება. ჩვენი დანაყოფები ცდილობენ ცეცხლის ისე კორექტირებას, რომ ჩამოგდებული დრონი საცხოვრებელი ნაგებობებისკენ არ მიიმართოს. გუშინ ერთ-ერთმა მოწყობილობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, მაგრამ სპეციალისტებმა სწრაფად აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება“, – განაცხადა გუნბამ.
მან მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა „სიფხიზლისა“ და „დროული ინფორმირებისთვის“ და ისიც აღნიშნა, რომ „სიტუაცია თავდაცვის უწყების მხრიდან სრულად ექვემდებარება კონტროლს“.
