“როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს” – პროკურორი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა , – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, დადასტურდა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა.
„სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.
მინდ აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტრო შოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
