საქართველო არ უერთდება 11 ქვეყნის ბოიკოტს და ზამთრის პარალიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა უთხრა.
“…თუ არ ვცდები, 56 ქვეყნიდან მხოლოდ 11-ია, ვინც გახსნის ცერემონიას და არა უშუალოდ პარალიმპიურ თამაშებს უცხადებს ბოიკოტს. […] ჩვენც გახსნის ცერემონიაზე მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ზოგადად სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება” – თქვა იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებასთან.
11 ქვეყნის ბოიკოტის მიზეზი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, 6 რუს და 4 ბელარუს სპორტსმენს რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება მისცეს. თავდაპირველად ბოიკოტის შესახებ უკრანიამ გამოაცხადა, მოგვიანებით კი მას კანადა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი და გერმანია შეუერთდნენ.
ოლიმპიადაში ეროვნული სიმბოლიკით მონაწილეობა რუს სპორტსმენებს “დოპინგსკანდალის” გამო 2018 წლიდან ჰქონდათ აკრძალული. 2022 წლიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ოლიმპიურ შეჯიბრებებში ეროვნული სიმბოლიკით მონაწილეობა აკრძალული აქვთ და მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა შეუძლიათ.
