“ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 33 347 ტონა ციტრუსი გაიყიდა” – ექსპორტის სტატისტიკა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით აგროპროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება. სოჭის საბაჟო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ციტრუსის სეზონის ფარგლებში გატანილი პროდუქციის მოცულობამ თითქმის ყველა კატეგორიაში გასული წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა.
2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში ათიათასობით ტონა პროდუქტი შევიდა. სტატისტიკა კულტურების მიხედვით ასე გამოიყურება:
მანდარინი: 32 000 ტონა;
ლიმონი: 994 ტონა (გასულ წელს — 420 ტონა);
ფორთოხალი: 353 ტონა (გასულ წელს — 320 ტონა);
ფეიხოა: 1 267 ტონა (გასულ წელს — 1 099 ტონა);
ხურმა: 509 ტონა (გასულ წელს — 248 ტონა).
როგორც მონაცემებიდან ჩანს, განსაკუთრებით საგრძნობია ზრდა ლიმონისა და ხურმის ექსპორტში, სადაც მაჩვენებლები თითქმის გაორმაგებულია.
ქალთა საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის იმპორტი პიკურ ნიშნულზეა. თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, ფსოუს საზღვარზე 300 ტონაზე მეტი ყვავილია გატანილი.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 5 ტონამდე მიმოზა შევიდა. სოჭის საბაჟოზე აცხადებენ, რომ პროდუქციის მალფუჭებადი ბუნების გამო, შემოწმება „პრიორიტეტულ რეჟიმში“, ტვირთის გადმოტვირთვის გარეშე ხდება. ეს მეთოდი მცენარისთვის აუცილებელი დაბალი ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება.
შედარებისთვის, 2025 წელს სრულად აფხაზეთიდან რუსეთში სრულად 400 ტონაზე მეტი მიმოზა შევიდა.
