უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
“გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის — ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.
უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.
ამ ფონზე, გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, — ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები:„არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა — არ არის მთავარი. მთავარია — თავისუფლება“. და ბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები — ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას” – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე.
