“მჯერა საიქიოს არსებობის. დედაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, 3 დღე და ღამე მე და ჩემი მეუღლე გვერდიდან არ ვშორდებოდით. ამ ხნის განმავლობაში დედა სულ მეუბნებოდა, რომ მამაჩემს, ბიძაჩემს და თავის მშობლებს ხედავდა. საოცრება ის იყო, რომ დედა მათ სხვადასხვა ენებზე ესაუბრებოდა. მან რამდენიმე უცხო ენა იცოდა და ყველას იმ ენაზე მიმართავდა, რომელი უცხო ენაც იმ კონკრეტულმა პიროვნებამ იცოდა. თავის ძმას, მერაბს, ფრანგულად ელაპარაკებოდა. ბიძაჩემი, მერაბი, 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად გაიქცა საფრანგეთში და მას შემდეგ დედას აღარ უნახავს… მათ ვერ ვხედავდი, მაგრამ მწამს, რომ დედაჩემი მართლა ხედავდა”, – ამ მისტიკური მოვლენების შესახებ კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ,,სარკეს” უამბო:
ჟურნალისტის კითხვაზე – “ზოგჯერ ადამიანები ტრავმის ან ავადმყოფობის დროს ამოუცნობ სამყაროში “მოგზაურობენ”, გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ. ამგვარი რამ თქვენც ხომ არ შეგმთხვევიათ?” – კოკოჩაშვილი იხსენებს:
“კი და მოგიყვებით ამბავს, რომელიც დღემდე ამოუცნობია ჩემთვის. 1975 წელს ქართველ ალპინისტებზე ვიღებდი ფილმს ,,მწვერვალი”. გადაღებები პამირის მთებში იყო და 6 ათას მეტრზე ზევით მომიწია ასვლა. როცა 4 ათას მეტრზე ჩამოვედი საბაზო ბანაკში, სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და დუშანბეში ვერტმფრენით დავბრუნდი. იქ გავითიშე. სადღაც, ღრუბლებში დიდი სისწრაფით მივფრინავდი, თან ყურში მელოდია ჩამესმოდა… გონს რომ მოვედი, ჩემი ასისტენტი გოგლიკა გამილაღდიშვილი ჩამძახოდა: ,,მერაბ, მერაბ!..”
20 წლის შემდეგ იგივე განმეორდა. საფრანგეთში, ლა როშელში გავითიშე და იგივე ვიხილე – მივქროდი ღრუბლებში და თან მუსიკის ხმა მესმოდა…
ადამიანი არსებობს უწყვეტი დინების გარემოცვაში, რასაც სამყარო ჰქვია. თუ მატერიის უსასრულობისა და გარდასახვის არსებობის შესახებ ვიცით, რომ მატერია არ ქრება, არ კვდება, უბრალოდ ის იღებს სხვადასხვა სახეს, რატომ არ შეიძლება, სულიერება ზუსტად ასევე იყოს, ანუ უწყვეტად არსებობდეს?შესაძლებელია იყოს კიდევ სხვა გარემო, სხვა სამყარო, სადაც სულიერება არსებობს, ჩვენივე სულიერება, ანუ როცა მატერიაში აღარ ვიარსებებთ, სულიერება განაგრძობს არსებობას”
წყარო: – “სარკე”
sarkenews.ge
ავტორი: – ლია ოსიძე