თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღება 40%-ით შემცირდა – აღნიშნულის შესახებ მონაცემებს პუბლიკა ავრცელებს.
ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სწავლების საერთო ხანგრძლივობა 6-ის ნაცვლად 4 წელი ხდება. 2025 წელს ჯამურად ჩაირიცხა 745 სტუდენტი [530 ბაკალავრიატი და 215 მაგისტრატურა], ხოლო 2026 წლის კვოტებით განსაზღვრულია მხოლოდ 440 ადგილი [345 ბაკალავრიატი და 95 მაგისტრატურა]. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში ადგილები შემცირებულია 305-ით, რაც სისტემურ და ძალიან მნიშვნელოვან შემცირებაზე მიუთითებს.
13 თებერვალს 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა.
დადგენილების მიხედვით, 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3000 ადგილით შემცირებულია.
უნივერსიტეტების დონეზე თსუ-ს, სტუ-ს, ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობა იზრდება და განსაკუთრებით შემცირებულია ილიას უნივერსიტეტის პროგრამები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ილიუანის ამჟამად აქვს 4 ფაკულტეტი და 120-მდე პროგრამა. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, დარჩება 1 არასრული ფაკულტეტი 16 პროგრამით. 2025-2026 წელს მიიღეს 5000-მდე სტუდენტი, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 300 სტუდენტს მიიღებს.
