დიდი წმიდა მარხვა
ეს მარხვა, როგორც ავღნიშნეთ, თავის მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე ქრისტიანული დღესასწაულის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
1. მომზადება დიდი მარხვისათვის
ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილისა, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა
ეს კვირა ხსნილია. შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14. 12-14). თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანისა – მეზვერესი [1], შეიწყალა იგი და, სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი [2], რომელიც ღმრთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით, ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.
ბ) კვირა უძღები შვილისა
საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკა 15. 11-13) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი. რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან, ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია.
გ) ყველიერის კვირა, ხსენება საშინელი სამსჯავროსი, ხორცის აკრება
მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა – შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.
საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამჯავროს ახსენებს; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმ. ეფრემ ასურისა – „უფალო და მეუფეო…“ რომელიც დიდ მარხვაში ყოველდღე იკითხება (შაბათ-კვირის გარდა).
დ) შენდობის კვირიაკე
დიდი წმ. მარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთწოდებული შენდობის, ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით). დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენიებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.
9 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.
ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ;
14 თებერვალს, ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.
წელს აღდგომა 12 აპრილსაა.
