თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თანამდებობა დატოვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.
როგორც ბელქანია „ფეისბუქზე“ წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გუშინ, 6 თებერვალს თსუ-ისა და სტუ-ს წარმომადგენლები, მათ შორის, უნივერსიტეტის რექტორები განათლების მინისტრის პოსტზე მყოფ გივი მიქანაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე იმსჯელეს.
