ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს, იმედის ნაპერწკალი მოგვეცა მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მინდა გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას და დაეხმაროთ საქართველოს დემოკრატიას” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ჯეი დი ვენსისთვის ციხიდან გაგზავნილ წერილში.
“ბატონო ვიცე-პრეზიდენტო,
მე გახლავართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად ნომინალურად, კვლავ ვხელმძღვანელობ ზელენსკის რეფორმების საბჭოს.
მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა წიგნმა – Hillbilly Elegy, რომელიც რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, ხოლო ახლახან, სამარტოო საკანში ფილმსაც ვუყურე, რამაც კიდევ უფრო ემოციური გამხადა.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ახალგაზრდული ენერგია და ღრმა რწმენა იმისი, რისკენაც მე ვისწრაფოდი 2004 წელს, როდესაც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაურად ამირჩიეს.
როცა მოვისმინე თქვენი სიტყვა მიუნხენის კონფერენციაზე და ხაზგასმა, რომ ოპოზიციის ლიდერები არ უნდა იყვნენ ციხეებში, მაშინვე გამიჩნდა იმედი, როგორც ჩემთვის, ისე საქართველოს ყველა ოპოზიციონერი ლიდერისთვის, რომლებიც ან უკვე ციხეში არიან, ან ახალი სამართლებრივი დავების დახმარებით, ციხისკენ მიემართებიან.
საქართველოს ოლიგარქი მართავს, რომელმაც მთლიანი ქვეყანა, მეზობლებისა და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქცია. მეტიც, მისი მთავარი იდეოლოგი რეგულარულად აქვეყნებს მანიფესტებს, რომლებშიც თქვენს ადმინისტრაციას Deep State-ის ნაწილად და ივანიშვილის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ძალად მოიხსენიებს.
ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბოლო ბრალდება, რომელიც კიდევ რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, ეფუძნება ჩემს პოსტს Facebook-ზე, სადაც გამოვთქვი სურვილი, რომ გადამეღო სელფი ივანიშვილის კერძო აკვარიუმის ზვიგენთან. ოლიგარქის პროკურატურა ამას 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალადობის წაქეზებად მიიჩნევს.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორს სტუმრობთ. მესამე, საქართველო, უფრო ფართო რეგიონის უდავო ლიდერი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულები ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მიღწეული პროგრესით.
2012 წელს დონალდ ტრამპმა ჩვენს სანაპირო ქალაქ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი წამოიწყო. პროექტი, რომელიც ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ, როდესაც მე ძალაუფლება მშვიდობიანად გადავეცი, გააუქმა. 2012 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენზე თქვა: „ამ კაცმა ყველაზე საოცარი სამუშაო გასწია და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს გონებრივი შესაძლებლობები ჩვენს დიდებულ ქვეყანაში“.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს, იმედის ნაპერწკალი მოგვეცა მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მინდა გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას და დაეხმაროთ საქართველოს დემოკრატიას”
