სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით ახალი სკანდალი აგორდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ტენდერი ისე იყო დაგეგმილი და დოკუმენტაცია ისე შედგენილი, რომ სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად გამოყოფილი მილიონები ერთი კონკრეტული კომპანიის ანგარიშზე მოხვედრილიყო.
საქმეში მთავარი ბრალდებული ამ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ილია ღუდუშაური იყო ის მაღალჩინოსანი, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული ტენდერის შედეგები ჩაშალა მას შემდეგ, რაც დაბალი ფასის შეთავაზების გამო კონკურსში სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა.
ფინანსური პოლიციის ვერსიით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ტენდერების მეშვეობით ფინანსურ სარგებელს იღებდნენ. სქემა შემდეგნაირად მოქმედებდა: 100 სასწრაფო დახმარების ავტომობილის შესაძენად ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი 2022 წლის 27 სექტემბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, საიდანაც გამარჯვებული გახდა „სტრადა მოტორსი“, რომელმაც ავტომობილების მიწოდება ყველაზე დაბალ ფასად – 8 მილიონ ლარად შესთავაზა.
გამოძიების ინფორმაციით, ილია ღუდუშაურმა აღნიშნული შედეგი ჩაშალა, რის შემდეგაც რამდენიმე თვეში ახალი ტენდერი გამოცხადდა ისეთი პირობებით, რომ გამარჯვებული კომპანია „ჯითი მოტორსი“ გამხდარიყო.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან ილია ღუდუშაური. მანამდე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული იყო მისი ძმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ტენდერების შესაძლო მანიპულაციის საქმეში ფიგურირებდა. დაკავებულმა ხელი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუდო, რის შემდეგაც ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გამოძიების ინტერესის სფეროშია კომპანია „ჯითი მოტორსიც“. კომპანიის დირექტორი უკვე გამოიკითხა.
