გიორგი გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზა არ არის „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
„გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლუსი იყოს, ამით მხოლოდ “ოცნება” არის დაინტერესებული.
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს – ამბობენ გახარიას პარტიაში.
„გიორგი ვაშაძეს ვისთან აქვს „წითელი ხაზები“ და ვისთან არა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს „წითელი ხაზები“ და „წითელი ხაზი“ ჩვენთვის ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირ ერთობას არ განვიხილავთ და საერთოდ, ვსვამთ კითხვას – საერთოდ, ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზა არის „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! მე პირადად, ასე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს პირიქით, „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი კონკრეტული ტაქტიკა, სტრატეგია გვაქვს აპოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობით, მათ შორის „ოცნების“ და ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველთან მუშაობით, რომ მოვიმხროთ ისინი მაქსიმალურად და დავანახოთ, სად არის სიმართლე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მართალია ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობიანად და დემოკრატიულად შევძლებთ „ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანას“- აცხადებს შარაშიძე.
