ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მათი შვილი, მანანა ბერიკაშვილი ავრცელებს.
“ჩემი ლამაზი დედიკოც წავიდა გივიკოსთან”, – წერს რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლეილა კაპანაძის გარდაცვალების გამო
“ლეილა კაპანაძე 70 წლის მანძილზე ასწავლიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასცენო მეტყველებას, იყო მოცემული უნივერსიტეტის სასცენო მეტყველების კათედრის გამგე, პროფესორი. სიცოცხლის ბოლო წლებში კი იყო თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის კონსულტანტი. ფასდაუდებელია ლეილა კაპანაძის ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში, ვინაიდან მან მსახიობების და რეჟისორების არაერთი თაობა აღზარდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ქალბატონი ლეილას მიერ ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას” , – ნათქვამია სამძიმრის წერილში.