მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის დედის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს საგამოძიებო საქმის მასალები მედიას გადასცეს.
ადვოკატების თქმით, აღნიშნული განცხადება და მასში დეკლარირებული ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის უხეშ და მრავალმხრივ დარღვევას.
ასევე, ისინი მოუწოდებენ ყველა მედიასაშუალებას განსაკუთრებული სიფრთხილისა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ.
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატების განცხადება!!!
დღეს, ტელეკომპანია „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის დედამ — ქ-ნმა სოფო ძნელაძემ — გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს საგამოძიებო საქმის მასალების მედიისთვის გადაცემას. აღნიშნული განცხადება და მასში დეკლარირებული ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის უხეშ და მრავალმხრივ დარღვევას.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საქმეში პროცესის მონაწილე პირები კანონით დადგენილი წესით არიან გაფრთხილებულნი გამოძიების მასალების გაუთქმელობის ვალდებულების შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, „გამოძიების მონაცემის გახმაურება იმ პირის მიერ, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ“, წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს.
ამასთან, საგამოძიებო მასალებში დაცულია არაერთი დოკუმენტი, მათ შორის ექსპერტიზის მიერ დასურათებული მასალები, ფოტოები და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს გიგა ავალიანზე განხორციელებული თავდასხმის არასრულ ვერსიას. აღნიშნული მასალები შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს — ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ფაქტის, აგრეთვე არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებადი მონაცემების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი პირის — გიგა ავალიანის დედის, ქ-ნ ეკატერინე კუპატაძის — წერილობითი თანხმობის გარეშე და წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირდაპირ დარღვევას. აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს როგორც მონაცემთა უკანონო დამუშავებისთვის, ისე მათი მესამე პირებისთვის გადაცემისთვის.
გიგა ავალიანის მხარეს სამთვიანი ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლის შედეგად გადმოეცა საქმის მასალები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ხელმოწერილი გამოძიების მასალების გაუთქმელობის ვალდებულება (მიუხედავად ამის არაერთგზის მოთხოვნისა), ობიექტურობის, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროცესის სამართლიანობის დაცვის მიზნით, შეგნებულად ვიკავებთ თავს ნებისმიერი სახის გასაჯაროებისგან. ამ მიდგომით ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს კანონიერ ინტერესებს, არამედ პროცესის ყველა მონაწილის უფლებებს, მათ შორის ბრალდებულ არასრულწლოვნებსაც.
საგამოძიებო მასალების საჯარო სივრცეში გადატანა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებს, არღვევს გამოძიების ინტერესებს, ქმნის მტკიცებულებებზე ზემოქმედებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების რეალურ რისკებს და შესაძლოა შეფასდეს როგორც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. ამასთან, თუ გავრცელებული მასალები შეიცავს პირად, ჯანმრთელობასთან ან ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობის გარეშე, სახეზე შეიძლება იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელყოფაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგა ავალიანის მხარე მოითხოვს საქართველოს პროკურატურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის მხრიდან დაუყოვნებელ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რათა აღიკვეთოს საგამოძიებო მასალების შესაძლო უკანონო გასაჯაროება.
ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას განსაკუთრებული სიფრთხილისა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ. აღნიშნული საქმე უკიდურესად სენსიტიურია და მისი არაკონტროლირებადი გაშუქება შესაძლოა გადაიზარდოს უკონტროლო პროცესებში, კიდევ უფრო დაამძიმოს ისედაც მძიმე ტრაგედიით დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა და სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომლისთვისაც უკვე სამი თვეა ვიბრძვით, ხოლო საქმე აქციოს არაკეთილმოსურნეთა სპეკულაციის საგნად, – წერია განცხადებაში.
