საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და 7 291.2 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 9.7%-ით და 18 529.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11 238.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 107.9 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (2 843.8 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (2 688.5 მილიონი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 498.8 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (910.0 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (749.3 მილიონი აშშ დოლარი).
2025 წელს ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 69.2% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების – 12%, დანარჩენი ქვეყნების კი – 18.8%.
2025 წელსსასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.2%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).
2025 წელს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 775.0 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (2 723.7 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 985.4 მილიონი აშშ დოლარი).
2025 წელს იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 25.4% იყო, დსთ-სი – 18.7%, დანარჩენი ქვეყნების კი – 55.9%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).
