თეოლოგ ლელა ჯეჯელავას განცხადებით, მეუფე იაკობის აქტიურობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკავშირდება ხელისუფლებაში მის პოზიციებსა და გავლენებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების შემდეგ მეუფე იაკობს მმართველ გუნდში მკაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერი აღარ ჰყავს, რის გამოც ის საკუთარი მომავლის განსაზღვრის გზებს ეძებს.
“მეუფე იაკობს ახლა თავისი ბედი და მომავალი უფრო ადარდებს, სიმართლე გითხრათ, ვიდრე ამ ქვეყნის მომავალი. მეუფე იაკობის როლი ვიცით, როდესაც განხეთქილება არსებობდა ამ ქვეყანაში და სერიოზული დაპირისპირება. მაშინაც იმის გამო, რომ მტერ-მოყვარე აერია, სამწუხაროდ, იმ მხარეს, რომელზეც ეუფე იაკობი იდგა და ახლაც, მტერ-მოყვარეს სანამ არ გაარჩევს, მანამდე მისგან ჩემთვის სრულიად გაუგებარია თანხმობაზე და შერიგებაზე საუბარი.
მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი დააპატიმრეს, მას აღარ ჰყავს, ასე ვთქვათ, მკაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ახლა ის ეძებს გზებს იმისთვის, რომ თავისი ბედი იყო გარკვეული”, – ამბობს ლელა ჯეჯელავა.
ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.
მეუფე იაკობმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ დიდი შერიგება ეკლესიის შუამავლობით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად უნდა დაუძახოს ოპოზიციასაც და აქციებში მონაწილე საზოგადოებასაც.
