ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა გიორგი მიქაძემ დღეს სასამართლოში პირველად ისარგებლა სიტყვით და წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა. ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრად დასახელებულმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გამოძიება გიორგი მიქაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთ თანაორგანიზატორად ასახელებს. საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. გამოძიების ვერსიით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და მას ბიზნესინტერესები ედო საფუძვლად.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არიან „ოქროს მოწმეები“ – რუსეთის მოქალაქეები ილია ნიკულსკი და როზა ნარცისოვა. მათ ჩვენებებში აღნიშნულია, რომ ლევან ჯანგველაძე მათ უზიარებდა შიშს, თითქოს ოთარ ფარცხალაძე მის ლიკვიდაციას გეგმავდა. მოწმეების თქმით, შესაძლო შურისძიების მოტივი ბიზნესსაქმიანობა იყო – სიგარეტებისა და ალკოჰოლის ბიზნესი, რომელშიც ჯანგველაძე ფარცხალაძეს საქართველოში კონკურენციას უწევდა.
ამავე ჩვენებების მიხედვით, ფარცხალაძის მთავარი დასაყრდენი საქართველოში სწორედ ძმები მიქაძეები იყვნენ. თუმცა, დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას კატეგორიულად უარყოფს. ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ჩვენებები არ არის ავთენტური და „ოქროს მოწმეები“ გამოძიების მიერ გამოგონილი ფიგურებია.
