ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.
“ხშირად მიიჩნევა, რომ ეს თარიღი ქართული თეატრის დაარსების დღეა, სინამდვილეში კი, 14 იანვარს აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეს აღვნიშნავთ.
იგი გიორგი ერისთავის პირველ სპექტაკლს – „გაყრას“ უკავშირდება. მისი პრემიერა თბილისის ვაჟთა გიმნაზიის (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შენობაში სწორედ 1850 წლის 14 იანვარს შედგა, თუმცა ეს თარიღი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.
ქართული თეატრის ისტორია სათავეს ანტიკური ხანიდან იღებს. ამაზე მიუთითებს უფლისციხეში შემორჩენილი სათეატრო ნაგებობაც.
თეატრალურ ხელოვნებას ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში ყოველთვის ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი.” – წერს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში.
მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში სახელმწიფო თეატრების გვერდით, გაჩნდა კერძო პროფესიული თეატრები, კამერული სცენები და ექსპერიმენტული სივრცეები, დღესდღეობით კი ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები.
სხვადასხვა თეატრალური დასი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს ცნობილ თეატრებთან.
