ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს და გენლანდიასთან დაკავშირებით გარკვეულ ქმედებებს აანონსებს.
„ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მოსწონთ მათ ეს თუ არა, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი გვყავდეს მეზობლად. მსურს, შეთანხმება დავდოთ მარტივი გზით, მაგრამ ამას თუ ასე ვერ გავაკეთებთ, მაშინ რთული გზით გავაკეთებთ. სხვათა შორის, მეც დანიის გულშემატკივარი ვარ. უნდა გითხრათ, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ. ფაქტი, რომ 500 წლის წინ მათი ნავი იქ მივიდა, არ ნიშნავს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი ჩვენი ნავიც მივიდოდა. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, რადგან ახლა თუ გრენლანდიის მიღმა გაიხედავთ, იქ ყველგან რუსული გამანადგურებლებია, რუსული წყალქვეშა ნავებია, ჩინური გამანადგურებლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიის ოკუპაცია. ისინი სწორედ ამას იზამენ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე რომ, ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში ყოფნის საჭიროებაზე. მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ გრელანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი სამხედრო ძალების გამოყენებაა. CNN-ის ინფორმაციითვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიის შეძენას განიხილავს. გრენლანდიის საკითხზე 6 იანვარს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ევროპელი ლიდერების პოზიციაა, რომ არქტიკაში უსაფრთხოება გაერო-ს ქარტიის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვით, კოლექტიურად, NATO-ს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან ერთად უნდა იყოს მიღწეული.
