ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“გუშინ რეჟიმის ერთ-ერთმა მოჯღანულმა მოლაპარაკე თავმა განაცხადა, რომ საქართველო პატარა და არაფრის შემძლე ერია და მას არავინ ეკითხება ვენესუელის ამბავს. სწორედ ესაა ამ რეჟიმის იდეოლოგია.
სინამდვილეში კოლუმბიის პრეზიდენტმა სანტოსმა 2010 წელს მიმიწვია ბოგოტაში და მთხოვა ქართული საგადასახადო რეფორმების გაზიარებაში დახმარება. იმავე წელს ჩავედი პერუში, სადაც პრეზიდენტ უმალასთან ერთად დავესწარი მათი დამოუკიდებლობის დღის აღლუმს. ერთადერთი უცხოელი ლიდერი ვიყავი მიწვეული ამ ღონისძიებაზე.
ასევე სურინამის პრეზიდენტმა მთხოვა დახმარება და მიიწვია სანდრა და გიული. დიმა შაშკინი დაეხმარა მათ, სურინამის სკოლების კომპიუტერიზაციაში.
ასევე მე შევხვდი ოკეანეთის ქვეყნების ლიდერებს ტაილანდში (მათ შორის ამ შეხვედრაზე გაღებული ხარჯებისთვის ვარ გასამართლებული) კომპიუტერებით აღვჭურვეთ მათი სკოლები და მივიღეთ გარანტია ჩვენი ტერიტორიების არ აღიარების.
ასევე 2007 წელს ვენესუელის პრეზიდენტი ჩავესი თავს დაესხა ბუშს გაეროში და პრეზიდენტმა ბუშმა პირადად მთხოვა მეპასუხა ვენესუელელი დიქტატორისთვის გაეროს ტრიბუნიდან.
ასევე ამერიკის ადმინისტრაციამ გვთხოვა განცხადება გაგვეკეთებინა ჩრდილო კორეული რაკეტების გამოცდაზე.
საქართველო 1,5 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად ბლოკავდა რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სანამ პუტინი ამერიკელების მეშვეობით არ დავითანხმეთ ფსოუზე საბაჟოს დაყენებაზე (ამაზე ივანიშვილს უარი ათქმევინეს).
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ვარდების რევოლუციით მოხდა რევოლუციები უკრაინაში, ლიბანში (კედრების რევოლუცია) და ყირგიზეთში (ტიტების რევოლუცია).
ასევე დიდი იყო ჩვენი გავლენა არაბულ გაზაფხულზე. ისიც ყველამ კარგად ვიცით რომ ქართულ რეფორმებს დღემდე უდიდესი გავლენა აქვს უკრაინაზე, ალბანეთზე, უზბეკეთზე, ყაზახეთზე, რუანდაზე და სხვა აფრიკულ ქვეყნებზე.
ისევ ვენესუელელების რომ დავუბრუნდეთ 2010 წელს ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თხოვნით აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ დავაორგანიზეთ მათთვის სკოლა რევოლუციური საქმიანობის.
აი ასეთია ფაქტები! საქართველო იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო მოთამაშე, სანამ ამ უთავმოყვარეო გნომებმა, ჭორვილას ორღობის ჭაობში არ ჩაგვფლეს.
არა უშავს, ის გამოცდილება არსად წასულა და მალე ისევ დავიკავებთ ჩვენს განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოში”- წერს მიხეილ სააკაშვილი.
