გორში დაკავებული ლუკა თოფჩიშვილი სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 20 წლის ახალგაზრდას ჩამოართვეს პასპორტიც და აუკრძალეს საცხოვრებელი სახლის დატოვება. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, ლუკა თოფჩიშვილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ განესაზღვრა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულმა ახალგაზრდამ პოლიციელები მასზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ლუკა თოფჩიშვილი სხდომათა დარბაზში ყვებოდა, რომ დაკავების შემდეგ ისე სცემეს “სახე საკუთარ სისხლში ედო”.
აქაც კოპები მაქვს და მტკივა ამ ადგილებში… [ერთმანეთს ეკითხებოდნენ] მოკვდა? არა აფერისტობსო.
“ყველანაირად აი ზედ გადამიარეს რასაც ქვია. პირდაპირ ჩემ სისხლში მედო სახე. გათიშული ვიყავი. ერთმა გამიყვანა წყალზე და სარკეში რომ ჩავიხედე სულ ყველგან სისხლები დავინახე, სახე წითელი იყო. ყველაფერი მიტრიალებდა, დაბურულად ვხედავდი,” – განაცხადა ლუკა თოფჩიშვილმა პროცესზე.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა “პირველებთან განაცხადა, რომ მოსამართლემ სწორად მიიღო მისი მდგომარეობა და იმედი აქვს, რომ სიმართლე გაირკვევა.
ცნობისთვის, გეკა გელაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 26 წლის ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ს მტკიცებით, აღნიშნული პირის დაკავების პროცესში ლუკა თოფჩიშვილმა პოლიციელს სახეში დაარტყა მუშტი.
უწყება არაფერს ამბობს, საიდან აღენიშნება 20 წლის ბიჭს დაზიანებები, რომელიც “პირველებისთვის” მოწოდებულ ფოტოებში ჩანს.
