ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე მიქაუტაძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს.
კითხვაზე, მისცა თუ არა, რომეო მიქაუტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, რის საფუძველზეც მას შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს საკითხი მისთვის უცნობია.
„მისი ჩვენება დევს თუ არა იმ სისხლის სამართლის საქმეში, ეს ჩემთვის უცნობია. ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, ვერაფერს გამოვრიცხავ. თუ საჭიროება დადგება, შესაძლოა, გაფორმდეს კიდეც, ეს ჩემი ჩემი გადასაწყვეტი არაა, გადაწყვეტილება რომეო მიქაუტაძემ უნდა მიიღოს, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, თუ გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. არც პროკურატურიდან არ წამოსულა ინიციატივა და არც რომეო მიქაუტაძეს მოუცია მითითება, რომ პროკურატურისთვის მიმემართა”- განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით კი, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, რადგან პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებისთვის საჭიროა, ბრალდებულმა ბრალი აღიაროს, ზარალი აანაზღაუროს და ასევე, საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მიმართოს. მარშანიას თქმით, ამ ეტაპზე ეს კომპონენტები დაკმაყოფილებული არ არის.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 6 მოწმე მიქაუტაძემ უდავოდ ცნო, რის გამოც, მათი დაკითხვა აღარ მოხდება.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით.
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.
