რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი მის მიმართ „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს. სასულიერო პირის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი რეაქციით დაადასტურა მისი შეფასება, რომ მმართველი გუნდი „ურწმუნო“ და „არაეკლესიურია“.
მეუფე იობი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებებით ხელისუფლების მხარდამჭერებმა არა პირადად მას, არამედ ღმერთი და ეკლესია შეურაცხყვეს.
“მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც თქვენ დღეს სახარებაში მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხყოფენ, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხვყვეს ღმერთი, შეურაცხვყვეს ეკლესია.
აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმკასაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება. ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხოვრება გვინდა, ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორმწუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად, უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, – თქვა მეუფე იობმა ქადაგებისას.
“ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის შემდეგ სასულიერო პირის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შესახებ „მითების დეტექტორი“ კვლევას აქვეყნებს.
მკვლევრების ინფორმაციით, მიტროპოლიტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიზუალებს, მანიპულირებულ ვიდეოკადრებსა და დასპონსორებულ პოსტებს. პროცესში ჩართული არიან ანონიმური ფეისბუქგვერდები, პროსახელისუფლებო მედია და ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები.
კვლევის თანახმად, გავრცელებული მასალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიტროპოლიტ იობის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებაა.
