ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული მთავრობა არ კარგავს იმედს, რომ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას დაადასტურებს.
ამის შესახებ პროპაგანდისტულ TASS-თან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა განაცხადა.
„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ქართულ მხარეს მივაწვდინოთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობა. ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ. როგორ იქნება პრაქტიკაში, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ გავიმეორებ, ეს ჩვენთვის ძირითადი საკითხია და ამ მიმართულებით კონსოლიდირებულ პოზიციას დავიცავთ ჩვენს რუს და აფხაზ კოლეგებთან ერთად“ – განაცხადა მან.
ჯიოევის თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ქართული მხარისთვის ამ დოკუმენტის მნიშვნელობის სათანადოდ ახსნა.
„რატომ არის ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ უსაფრთხოების გარანტიის გარეშე სხვა საკითხები და სხვა სფეროები ვერ განვითარდება – ეს სრულიად აშკარაა“- თქვა მან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ძალადაკარგულად ცხადდება საკანონმდებლო აქტები, რომელთა საფუძველზეც 2007 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია.
