„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება. ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ირონიული სახის პოსტით ეხმაურება:
“ხომ დაიგინეს, ხიხოს სანამ ბოლოს არ მოვუღებთ, სახლებში არ შევალთო და ამიტომ შევიდნენ პარლამენტში – რომ არ შეწერვოდათ, სახლებში არ შედიან.
ლეიბები პარლამენტში რომ დაყარონ და იქ გაწვნენ? მერე გადმოწვნენ რუსთაველზე, როცა დათბება”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
„შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.