ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიციელის მიერ თბილისის მეტროში ნაცემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირს ეძებს.
“ვეძებ იმ ბიჭს პოლიციელმა რომ სცემა. თუ დამეხმარებით, ძალიან კარგი საქმის მონაწილეები იქნებით.
თქვენი იმედი მაქვს რომ მაპოვნინებთ”, – წერს ჟორჟოლიანი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.