„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება და გავცრელებულ განცხადებაში წერს, რომ „ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება.
ALDE აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს.
„ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ“, – წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.
