“გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი” – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
მისი თქმით ჯერ-ჯერობით ქვეყანაში გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა ვირუსის პიკს დეკემბერი-თებერვლის პერიოდში მოელიან.
„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წლეს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
