“ქართველი ხალხი დგას წინააღმდეგობის ფრონტზე და არ არის რუსული სპეცოპერაციის სტატისტი” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2025 წლის 4 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრებით კვლავ მტკიცედ აჩვენა ცხადი პოლიტიკური მოცემულობა და ერის ურყევი ნება: ქართველი ხალხი არ ურიგდება ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად ადასტურებს რეჟიმის არალეგიტიმურობას. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ან ფიზიკურად არის ჩართული ეროვნულ წინააღმდეგობაში, ან მხარს უჭერს და აძლიერებს მას.
ივანიშვილის რეჟიმის განწირული მცდელობა, მოეხდინა მოცემულობის ნორმალიზება, ლეგიტიმაციის მარცვალი შეეძინა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციით – ჩავარდა. მსოფლიომ დაინახა და შეაფასა – ქართველი ხალხი დგას წინააღმდეგობის ფრონტზე და არ არის რუსული სპეცოპერაციის სტატისტი.
ამ სპეცოპერაციამ უკუშედეგიც გამოიღო – კიდევ ერთხელ ცხადად გამოავლინა ივანიშვილის რეჟიმის კრიზისი და დასასრულის მოახლოება. ყალბი, უკონკურენტო, სანდო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე მოწყობილი პროცესის პირობებში მიღებულმა რიცხვებმა აჩვენა, რომ – ჩვეული ზეწოლის, დაშინების, იძულების, მოსყიდვის, შანტაჟის გზით მობილიზების მიუხედავად საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი საარჩევნო აქტივობა დაფიქსირდა და რეჟიმის პასიურად მორჩილი აუდიტორია 20%-ის ფარგლებში ჩამოქვეითდა, რაც რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის სიმპტომია.
4 ოქტომბრის არჩევანი – წინააღმდეგობა თუ რუსული სპეცოპერაციის სტატისტობა, წყალგამყოფი აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომელთაც ზურგი აქციეს საკუთარი მხარდამჭერების უმრავლესობასაც და ამ ფარსში ჩაბმით რეჟიმის დანამატად ოფიციალურად გაფორმდნენ” – ნათქვამია განცხადებაში.