სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც “მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“. ვიდეომასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე, როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს.
“2025 წლის 22 სექტემბერს (შუადღით) გ.ჩიკვაიძეს შეეთავაზა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი მენიუს მიხედვით განსაზღვრული საკვები, რომელთაგან მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ კოტლეტის მიღებაზე (გარნირის გარეშე). მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე 2025 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფება ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ დიეტურ კვებაზე და აღნიშნული მენიუს მიხედვით 2025 წლის 22 სექტემბერს 13:35 საათზე მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი), მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.
განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის თანამესაკნეებს შორის არცერთი არ საჭიროებს დიეტურ კვებას, მათ საკვები მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის“ დადგენილი მენიუ-განრიგის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძისთვის მიწოდებული კოტლეტი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისთვის, და აღნიშნული არ წარმოადგენდა სამი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას.
პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ 25 სექტემბერს, სასამართლო სხომაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა. როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, “საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოუგდეს”.
„ბატონ სალიას მინდა მივმართო, გამოთხოვილი მაქვს ჩემი დოკუმენტაცია და გავასაჯაროებ 22 სექტემბრის ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოგვიგდეს“ – აღნიშნა ჩიკვაიძემ.