ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, – აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ალი ისაევ-ავარსკიმ უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. პატრიარქი აღნიშნავს, რომ მისი დამსახურებით, ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს.
„მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს, რაც გმირობის ტოლფასი საქმე იყო.
ვუსამძიმრებთ ალი ავარსკის (ასე უწოდებდა თავის თავს) ოჯახის წევრებს, ახლობლებს როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ კეთილშობილი, უანგარო, ნიჭიერი პიროვნების ხსოვნა“, – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.