ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა, ირაკლი უსოიანმა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძის ლიკვიდაცია ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.
„ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას, რადგან ლევანის ძმა “კანონიერი ქურდია”. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის “დედ ჰასანის” [ასლან უსოიანის] შვილიშვილი.
„დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე “თბილისი თაუერთან” შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა“, – განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.
“დედ ჰასანის“ შვილიშვილის, ირაკლი უსოიანის სახელი ბოლოს 2019 წელს გაჟღერდა, როდესაც მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ კაფეში კრიმინალური შეკრების დროს დააკავეს. მაშინ სულ 32 ადამიანი აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი უსოიანი ვენიდან ჩაფრინდა და ბიზნესწილების გადანაწილების თემას განიხილავდა.