“ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა”- განაცხადა ყაველაშვილმა.