პროკურატურაში ტელეწამყვანის, ნანუკას ფონდის დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვა დასრულდა. მას ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამოძიება ფონდში ჩარიცხვებთან დაკავშირებით დაინტერესდა, განსაკუთრებით კი ორი გვარი გამოარჩიეს – ნიკა გილაური და გიორგი ბაჩიაშვილი.
მისი თქმით, გამოძიებას უთხრა, რომ ნიკა გილაურთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მას.
“მე ვიყავი მისული წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ყველა გადარიცხვას ითვალისწინებს იმ ნორმა, რასაც უშვებდა წესდება, რის უფლებასაც წესდება მაძლევდა – ეს ერთი და მეორეც, თქვენ იცით, რომ ფონდში არის ძალიან ბევრი ათი ათასობით ჩარიცხვა, დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათიათასობით ლარით და ემიგრანტები და ა.შ. მათ შორის, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ძალიან ბევრი ჩაურიცხველი ჰყავდა…
მაგრამ, პროკურატურამ გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო – ბაჩიაშვილი და გილაური და პროკურატურას აინტერესებდა, ბაჩიაშვილის და გილაურის თანხა რისთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ მიზნობრიობა [მითითებული] იყო, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ამაზე პასუხი გავეცი და ვუთხარი, რომ დღეს, გილაურთან დაკავშირებით, დღევანდელი გადასახედიდან ქართულ ოცნებას უფრო შეუძლია ინფორმაცია მომაწოდოს, ვიდრე მე მას მივაწოდო ინფორმაცია”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თქვა, რომ აქვთ მტკიცებულებები, “რომელიც ადასტურებს, რომ ნანუკას ფონდი მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს”.
“ის [ნანუკა ჟორჟოლიანი] ნამდვილად საბოტაჟის საქმის ფარგლებში იქნა გამოკითხული და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს”, – IPN-ის ცნობით, თქვა პროკურორმა.