საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქპალატის საპატიო წევრის, ამავე კავშირის გამგეობისა და ეთიკის საბჭოს წევრის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გეგელიების ოჯახს, მის ახლობლებს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს – ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გიული გეგელიას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.
გიული გეგელიას მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც მოღვაწეობის თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული განათლების განვითარებასა და სტუდენტთა არაერთი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიული გეგელიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით. თბილისსა და საქართველოს რეგიონებს ამშვენებს მის მიერ მაღალი ოსტატობით რეალიზებული არაერთი ნამუშევარი, რომელთა შორისაა: საცხოვრებელი მიკრორაიონი „სანზონა“, საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და „ხსოვნის კლუბი“ სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსები ფოთში, თბილისში, წყნეთში, მცხეთაში და მრავალი სხვა.
პროფესორ გიული გეგელიას ავტორობით გამოიცა 8 სამეცნიერო ნაშრომი თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; არაერთი სტატია თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის საკითხებზე; განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევები. ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო.
გიული გეგელიას სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, – ნათქვამია რექტორის სამძიმრის წერილში.