“ნუ გვგონია რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით აღმოიფხვრება კორუფცია ან რომ მოქმედი მინისტრები ანგელოზები არიან”- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომთან” ორგანიზაცია “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა, ირაკლი აბესაძემ ისაუბრა.
ნუ გვგონია რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით აღმოიფხვრება კორუფცია ან რომ მოქმედი მინისტრები ანგელოზები არიან , ან უწყებები არ არიან კორუფციაში ჩაფლულები, მითუმეტეს მუნიციპალიტეტები. მეორეც, “ქართული ოცნების” კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომ დღეს გვიმტკიცებენ, თითქოს ევროპა არის ცუდი და ევროპისკენ შესაძლებელია ქვეყანამ სვლა შეაჩეროს და ამით ქვეყნით განვითარება არ შეჩერდება, მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული სახსრებით გარბიან და სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და ევროპაში ასწავლიან საკუთარ შვილებს და ევროპაში მკურნალობენ” – აღნიშნა აბესაძემ.
აბესაძემ ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ “მიზეზი უკვე სასაცილოც აღარაა”.
“ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი უკვე სასაცილოც აღარაა. აკავებდე ადამიანს, რომელმაც საჯაროდ გასცა დაპირება, რომ ხალხის დარბევაზე თუ უარს იტყვით ანუ უკანონო ქმედებაზე, მე მოგცემ თანხებსო. ამაში არაფერი გამოსაძიებელი არ არის, თუნდაც სხვაგვარად ყოფილიყო დაპირება გაცემული, ამაზე არ უნდა იხარჯებოდეს ანტიკორუფციული რესურსი, რაზეც უნდა იხარჯებოდეს არის სწორედ ის მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, რომლის მცირე ნაწილსაც ააშკარავებენ ისინი.
რატომ დააკავეს ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე ან რატომ არის სულ საუბარი, რომ სხვა მინისტრებსაც პრობლემები აქვთ, არ ადასტურებენ, მაგრამ ყველამ ვიცით და გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო მასიური დაკავებები მოხდება, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა არის, ეს არის მექანიზმი საზოგადოების გასართობად საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შესაყრელად პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად დღეს კობახიძისა და მისი გუნდისთვის და ასე შემდეგ, ანუ ყველა სხვა მიზეზი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების საფუძვლად გარდა იმისა, რომ რეალურად კორუფციას ებრძვიან” – განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა. ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე, დღეს დააკავეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავა.