ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ თითქმის 1 600 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
კალასმა განაცხადა, რომ შავ სიაში შეყვანილი პირების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული.
„ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ჩვენ მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც ის უკრაინელების მოსაკლავად იყენებს“, – დაწერა კაია კალასმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლებლობას. შეზღუდვები შესაძლოა, იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის სრულ აკრძალვასაც მოიცავდეს, სადაც დიპლომატები აკრედიტებული არიან.
გარდა ამისა, ევროკავშირი ზაფხულიდან განიხილავს იმ პირებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში გათვალისწინებულია მექანიზმი, რომელიც რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა თავად აკრძალვა ჯერ ძალაში არ შესულა.
