თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია დაიკითხა.
კაციამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, 7 დეკემბერს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის კადრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა აქციაზე წასვლა.
“საღამოს როგორც ხდება ხოლმე, ჩემთან ჩართული იყო ტვ პირველი. უშუალოდ ის მომენტი როდესაც მაკა ჩიხლაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე ტიტუშკები რომ დაესხნენ თავს – ეს იყო ის მომენტი რამაც მე ძალიან ამაჩქარა, ავნერვიულდი, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ ვნახე მკვლელობის მცდელობა. მე სახლიდან ისე გამოვედი, რომ მაკა ჩიხლაძე იმ დღეს გადარჩა თუ არა არ ვიცოდი”. – თქვა კაციამ, რადიო თავისუფლების ცნობით.
კაციას თქმით, დააკავეს სახლთან, შემდეგ გადაიყვანეს ჯერ თბილისის 115-ე სკოლასთან, შემდეგ კი ვართაგავას ქუჩაზე. კაციას ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ პოლიციელები იყენებდნენ ღირსებისშემლახავ ფრაზებს.
“წითელი საახალწლო ჯემპრი მეცვა და ცალკე მაგაზე დამცინეს, კაცს რა გაცვიაო და პატარა ჯიბეში მედო ჰიგიენური ტუჩსაცხი და სახის გასაწმენდი….გადამათრიეს…. ვაღიარებ ჩემს შიშსს, ყველაფერს ვაკეთებ ბატივით იმისთვის, რომ არ ვეცემე… სანამ დავდგებოდი ფეხზე, სანამ გავიმართებოდი, ვიყავი აბსოლუტურად შიშველი და პირველი დაპირება იყო, მანქანიდან გადათრევამდე რომ “ტრაკში პანღურით გაგიშვებთ”. მიმაყენეს კედელთან, იდგა ძალიან ბევრი ადამიანი და ვა, იმ მომენტში დამამცირებელი იყო ეს. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა”. – თქვა კაციამ, რადიო თავისუფლების ბლოგის თანახმად.
კაციას ინფორმაციით, პოლიციელებმა სამედიცინო ხელთათმანით თითები გამოუსვეს პირის ღრუსა და იღლიებში.
“ამასობაში, მირზან ჯაფარიძემ, ნუ გამომძიებელმა, მაგრამ ეს ის გამომძიებელი არ იყო ვინც აქ [სასამართლოში] მოვიდა. მოვიდა და სამედიცინო ლურჯი ხელთათმანებით შუა და საჩვენებელი თითებით პირში ჩამიდო ხელი და კბილებზე დაიწყეს დაცინვა… იმ მომენტში ესეც დამამცირებელი იყო, პასუხს არ ვუბრუნებ იმიტომ, რომ სულ მაქვს იმის მოლოდინი რომ უნდა მგლიჯონ.
სექსუალური ძალადობის შეგრძნება მქონდა, არ დამავიწყდება გამომძიებლის და როსოფიძის თვალით კავშირის, რომ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ”. – თქვა კაციამ.
კაციამ ასევე თქვა, რომ შემდეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება, განბლოკეს მისი ტელეფონი და შევიდნენ, საპროტესტო Facebook-ჯგუფ “დაიტოვე”.
კაციას მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თანახმა იყო ნარკოტესტირებაზე, ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს და ოქმზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, სადაც ეწერა, რომ უარს ამბობდა ტესტირებაზე.
ნიკა კაციას საქმის შემდეგი სხდომა 12 აგვისტოს გაიმართება.