“ხვალ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ, მზია ამაღლობელის საქმეზე, ის გამარჯვებულია და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული იქნება”- ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ განაცხადა
როგორც მან დასძინა, “მზიას მედგარი ხასიათი, არ დაჩოქება, ფეხზე დგომა ნიშნავს საქართველოს ფეხზე დგომას.”
მისივე თქმით, ხვალ უდიდესი გამოცდა ელის საქართველოს მართლმსაჯულებას.
“ნინო და მზია დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ფიგურები არიან. მათი ბედი კი არ წყდება, პირობითად ხვალ და ახლო მომავალში ნინოსი, საქართველოს ბედი წყდება. ხვალ უდიდესი გამოცდა ელის საქართველოს მართლმსაჯულებას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას, რა გადაწყვეტილებასაც ხვალ რეჟიმი მიიღებს, ეს შეიძლება საუკუნის განმავლობაში გახდეს მსჯელობის საგანი, ამიტომ უმნიშვნელოვანესია სწორი გადაწყვეტლება იქნას მიღებული, თუმცა ამის რანაირი იმედი არ მაქვს.
ერთი ის ვიცი, რომ მზიას მედგარი ხასიათი, არ დაჩოქება, ფეხზე დგომა ნიშნავს საქართველოს ფეხზე დგომას. ხვალ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ, მზია გამარჯვებულია და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული იქნება. ნინოს რაც შეეხება- მტკივნეულია, რომ გააცოცხლეს საბჭოთა წარსული, ფსიქიატრიას იყენებენ პოლიტიკური ნიშნით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს მმართველობის სისტემის წინააღმდეგ ადამიანი ავტომატურად აღიქმებოდა შეურაცხადად, იგივე სტანდარტი უნდათ დანერგონ. ეს არის ყველაზე რადიკალური წითელი ხაზი, ამის იქეთ კატასტროფაა. ხვალ რა გადაწყვეტილებაც მიიღება, მსოფლიო იმის მიხედვით დაგავფასებს, ამის მიხედვით აღვიქმებით ჩვენ ან ნორმალურ ქვეყანად, ან ბანანის სახელმწიფოდ, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.