პარტია “გახარია საქართველოსთვის” წვერი, რუსუდან თევზაძე მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და მზიას სახით ცდილობენ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა მოკლან.
„არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა. დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი კვლავ გადაიდო. რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს! მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს.
რეჟიმი, ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის, სამოქალაქო აქტივისტს და თავისუფალ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომელიც უსამართლოდ ციხეში გამოკეტა და, მეტიც, ნების საწინააღმდეგოდ გუშინ ფსიქიატრიულში გადაიყვანა. ამით ე.წ. ხელისუფლება აფრთხილებს და, პრაქტიკულად, უკრძალავს 60 000 მასწავლებელს, თავისუფალი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას. ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეშინდეთ, დაიცავით თქვენი პროფესია და ღირსება. თქვენ ყველაზე ძლიერი და ნათელი ძალა ხართ. მასწავლებელთა საზოგადოებას აქვს დიდი გავლენა, დღევანდელი უსამართლობის შესაცვლელად და მომავალი თაობის სასარგებლოდ. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მზიას! სოლიდარობა ნინოს! სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!“ – აცხადებს რუსუდან თევზაძე.