ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, იარაღის მუქარით, მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ქობულეთში მის მიერ შეძენილი სახლი გადააფორმებინა.
ხათუნა მიქაცაძე გადაცემა “რეაქციაში“ დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ელდარმა დაურეკა და ეკლესიაში მისვლა სთხოვა. მისი თქმით, მან ტელეფონში უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა და სწორედ, ამის გამო, წმინდა ილია მართლის ტაძარში მიაკითხა.
შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა:
“წმინდა ილია მართლის ტაძარში შევხვდი, დავჯექით ეზოში და ვსაუბრობთ, უცბად მისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იარაღით ჩემი შვილის და ჩემი სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა და მითხრა, რომ შვილს მოუსპობდა სიცოცხლეს და ამას მაყურებინებდა, თუ არ გადავუფორმებდი ქობულეთის სახლს. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, დავინახე იარაღი და მიშველეთ, გაყინული ხმით დავიძახე, რაზედაც ტაძრიდან გამოვიდა დედა ანა და მანაც დაინახა ეს ყველაფერი. დიახ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იარაღის მუქარით, ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობის და ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფონზე, მე მას ნოტარიულად გადავუფორმე ქობულეთის სახლი.
8 თვეში გადავწყვიტე, რომ დამეწყო ქონებრივი დავა. კურტანიძემ მაშინ თქვა, რომ მე დავინახე ჩემი შეცდომა, მომიბოდიშა, მაგრამ მისთვის ეს მობოდიშების ფორმატი, მუხლებზე დაცემა და ტირილი, არის ერთგვარი ფორმატი, რომელსაც ყოველ ჯერზე აკეთებდა. მაშინ მოხდა 50 პროცენტის გადმოფორმება, ჩუქების ხელშეკრულებით. ამის შემდეგ კვლავ გაგრძლედა მისგან ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ ჩემ სისხლში ჩამახრჩობდა, თავისი ხელით მიწას მაჭმევდა. 4 შემაკავებელი ორდერის შემდეგ, გადავწყვიტე დამცავი ორდერიც მომეთხოვა. 4 მარტს, მოძალადე ელდარ კურტანიძეს აეკრძალა ყველა იმ სახლთან მოხლოეობა, სადაც მე ვიყავი, ასევე, საერთო კუთვნილებაში არსებული ქონების, ერთპიროვნულად ფლობა და იარაღის ფლობის უფლება,- იხსენებს მიქაცაძე.