ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ლუკა კურტანიძეს, „ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა.
„არ ვამაყობ, რომ ასეთი ემოცია გამოვხატე… იმისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?“ – ჰკითხა მოსამართლეს ლუკა კურტანიძემ.
ლუკა კურტანიძის განმარტებით, ყოფილ ცოლზე ძალადობის წინაპირობა ქონებრივი დავა იყო, რაც წლებია გრძელდება, ძალადობის ფაქტს კი, რასაც სხეულის დაზიანება მოჰყვა, ლუკა კურტანიძე „ემოციის გამოხატვას“ უწოდებს.
ლუკა კურტანიძის თქმით, მან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ ცოლს – ხათუნა მიქაცაძეს სახლი ქობულეთში აჩუქა და სხვა უძრავი ქონების თანამესაკუთრედაც აღიარა, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი მისი ცოლი გახდებოდა, მაგრამ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მოსამართლეს უთხრა, რომ ქალმა „პირობა არ შეასრულა“.
ლუკა კურტანიძე წამოდგა და მოსამართლეს დეტალურად მოუყვა საკუთარი უიღბლო სიყვარულის ამბავს, რამდენიმე მონაკვეთში ოლიმპიურ ჩემპიონს თვალებიც აუცრემლიანდა და ხმაც დაუწვრილდა, მე ამ ქალთან ერთად ოჯახი მინდოდაო.
“მე მას მთელი ჩემი სიცოცხლით მივენდე… მასაც უყვარდა ზღვის სანაპირო, როგორც მე – აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ავაშენეთ სახლი ქობულეთში,“- დაახლოებით ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი ამბის მოსამართლისთვის მოყოლა ლუკა კურტანიძემ.
უშუალოდ ქობულეთის ინციდენტზე კი, ბრალდებულმა თქვა, რომ 22 ივლისს ჩამოვიდა ქობულეთის სახლში საცოლესთან ერთად, მაგრამ სახლის კარი ვანდალურად დაზიანებული დახვდა, ამიტომაც პოლიცია გამოვიძახე და ჩვენებაც მივეციო.
27 ივლისს კი, ინციდენტის დღეს, ლუკა კურტანიძე სავარჯიშოდ შეკვეთილში წასულა:
„როცა დავბრუნდი, სახლთან დამხვდა პატრულის მანქანა და ხათუნა გაჰკიოდა, ეს ძალადობააო… არც იმას უარვყოფ, რომ მისთვის ტელეფონის წართმევას ვცდილობდი, პედოფილს მეძახდა. მზად ვარ ყველა შეკითხვას პასუხი გავცე“ – დაასრულა ლუკა კურტანიძემ.