ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ-ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 27 ივლისს დააკავეს. მას შემდეგ რაც მან სამართალ დამცავების წინ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კურტანიძის ყოფილი მეუღლის ადვოკატი მომხდართან დაკავშირებით აცხადებს: “ელდარ კურტანიძის მიმართ გამოცემულია 4 შემაკავებელი ორდერი, ასევე გამოცემულია დამცავი ორდერი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 9 თვის ვადით. მიუხედავად დამცავი ორდერის გამოცემისა, რომლის თანახმადაც მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე მას აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა, ასევე აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით სარგებლობა, შსს-მ დაუყოვნებლივ არ იმოქმედა და პრაქტიკულად მხარეს უფლება მისცა, რომ მის წილობრივ საკუთრებაში არსებული სახლის ერთი მეორედი ნაწილი გაესხვისებინა და განეგრძო ერთპიროვნულად, სხვის სახელს ამოფარებული მისი მართვა და განკარგვა. შსს-ს ყველა უწყება მხარემ მიმართა არაერთგზის განცხადებით, შესაბამისად, მათი დაგვიანებული რეაგირების შედეგად სახეზე გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. მხარე, ხათუნა მიქაცაძე მივიდა მის საკუთრებაში არსებულ სახლში, სადაც დახვდა მოძალადე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით მასზე იძალადა”.
შეგახსენებთ, ელდარ-ლუკა კურტანიძე დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.