თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესები მედიისა და კამერების გარეშე, მაგრამ აშკარა აგრესიის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომათა დარბაზის გარეთ მანდატურები ერთგვარ „ნადირობას“ აწყობდნენ გიორგი ახობაძის მხარდამჭერებზე – ყველამ, ვინც უკმაყოფილება გამოხატა, შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.
პირველი, ვინც შენობის გარეთ აღმოჩნდა, მოძრაობა „ახალის“ წევრი იყო, მალევე კი “პუბლიკას” მთავარ რედაქტორს თავისუფლება აღუკვეთეს – ტელეფონი ჩამოართვეს და როგორც ირკვევა, მის მეხსიერებაში დაცული ძალადობის ამსახველი კადრებიც წაშალეს.
დაძაბულობა სასამართლო დარბაზშიც გადაინაცვლა. მოსამართლემ თავადაც არ დამალა აგრესია. გიორგი ახობაძის მხარდამჭერების ნაწილი სხდომიდან გააძევა, ნაწილს კი ადმინისტრაციული ჯარიმა – 400 ლარი დააკისრა.
დღეს, სავარაუდოდ, ბოლო სიტყვით ისარგებლა სინდისის პატიმარმა გიორგი ახობაძემ. მის მიმართ განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახობაძეს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.